Skip to content

თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევები რომელთა წინაშეც დამსაქმებლები დგანან

ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილის დასახელბა რომ მოგიწიოთ, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ, როგორც თანამშრომლების მაძიებელს, რას დაასახელებდით?! მართალია თქვენი პასუხები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ კომპანიის სიდიდის და სპეციფიკის მიხედვით, რომლისთვისაც თქვენ მუშაობთ, მაგრამ ზოგადი სურათიდან გამომდინარე, დასაქმების პროცესს ძირითადად მაინც რამდენიმე საერთო ბარიერი აფერხებს.

თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევები რომელთა წინაშეც დამსაქმებლები დგანან

ჩვენ განვიხილავთ დასაქმების ყველაზე გავრცელებულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენს საქმიანობაში - და რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ მათი გადალახვა.

1.ვაკანტური ადგილის შესაბამისი კვალიფიციური კანდიდატების მოზიდვა

ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, როგორც წესი რთული და შრომატევადია შერჩევის პროცესი, რომელიც ათობით დაინტერესებული ადამიანიდან იმ ერთი კვალიფიციური პირის გამორჩევას გულისხმობს, რომელიც ზუსტად აკმაყოფილებს თქვენი კომპანიის მოთხოვნებს. ხშირად მოგიწევთ უამრავი რეზიუმეს გადახედვა და შესაძლოა, მათ შორის საუკეთესოს პატრონსაც კი არ აღმოაჩნდეს ის უნარები, რასაც თქვენ ეძებთ. 

ვაკანსიის აღწერაში მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ  მოთხოვნები და მოვალეობები, რომლებიც ლოგიკურ და პროფესიულ კავშირშია კანდიდატის მიერ დასაკავებელ პოზიციასთან. ერთ თანამშრომელს ნუ დააკისრებთ ისეთ პასუხისმგებლობებს, რაც სხვადასხვა პროფესიისთვის შესაბამისი უნარების ქონას მოითხოვს. ამით თქვენ მიიღებთ სამიზნე პოზიციაზე მორგებულ რეზიუმეებს, რომლებიდანაც უფრო მარტივად მოახერხებთ სასურველი კანდიდატის შერჩევას. ამ გზით, თქვენ ასევე გაამყარებთ საზოგადოებრივ აზრს იმის შესახებ რომ კომპანია, რომლისთვისაც მუშაობთ,  პროფესიონალურად უდგება თანამშრომლების მოძიების პროცესს და აფასებს დასაქმებული პირების უნარებს და შესაძლებლობებს.

2.შერჩეული კანდიდატის დაინტერესება 

მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ კანდიდატებს, ხშირად აქვთ შეთავაზებები სხვადასხვა დამსაქმებლებისგან. შესაბამისად მათ აქვთ შესაძლებლობა, არჩევანი რამდენიმე ალტერნატივას შორის გააკეთონ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა თქვენ მთელი ძალისხმევის გამოყენება დაგჭირდეთ მათ დასაინტერესებლად.

რჩევა: თუკი თქვენ უკვე მიაგენით ადამიანს, ვისი კანდიდატურაც სასურველია თქვენი კომპანიისთვის, გირჩევთ თუნდაც სოციალური ქსელების გამოყენებით გამოიკვლიოთ მისი ინტერესები და მისწრაფებები კარიერული განვითარების თვალსაზრისით. ამის მიხედვით კი შეძლებთ მოახდინოთ თქვენი წინადადების პერსონალიზაცია და სამსახურთან ერთად იმ დამატებითი სარგებლის შეთავაზება, რაც მის დაინტერესებას გამოიწვევს.

3.სწრაფი დაქირავება

თანამშრომელთა მოძიებაზე პასუხისმგებელ პირებს სურთ უმოკლეს დროში შეავსონ ვაკანტური პოზიციები, რადგან გუნდის წევრების დეფიციტი აჭიანურებს და ართულებს კომპანიის საქმიანობას, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. მიუხედავად დამსაქმებლების დიდი ძალისხმევისა, ხშირად დასაქმების პროცესი შეიძლება გაახანგრძლივოს კვალიფიციური კანდიდატების დეფიციტმა, ან თავად დასაქმების გუნდში ზოგიერთ საკითხზე კონსესუსის მიუღწევლობამ.

გადახედეთ დაქირავების პროცესს, რომელზეც თქვენ ან თქვენი გუნდი ხართ პასუხისმგებელი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად საჭიროა დაქირავების ყველა ეტაპი? სწორ ადგილას ეძებთ კანდიდატებს? სწრაფად უკავშირდებით მათ? დროული შიდა კომუნიკაცია გაქვთ გუნდში, რომელიც პასუხისმგებელია თანამშრომლების აყვანის პროცესებზე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი ციფრული საზომებით გამოსახვა დაგეხმარებათ მიღებული გამოცდილების ანალიზსა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაში.

როდესაც თანამშრომლის აყვანის პროცესი ბუნებრივად ხანგრძლივია, ვაკანტური პოზიციის სპეციფიურობიდან ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრეთ რეალისტური ვადები და ამის შესახებ აცნობეთ თქვენი გუნდის წევრებსაც და ხელმძღვანელსაც. ამით თქვენს კომპანიას დაეხმარებით შეაფასოს და თავიდან აირიდოს ისეთი დანახარჯები, რომლებსაც იწვევს გაუფრთხილებლობის და სიჩქარის გამო შეუსაბამო კანდიდატის დასაქმება ან გახანგრძლივებული დასაქმების პროცესის გამო გაჭიანურებული საქმეები.

4.დადებითი რეპუტაციის მქონე დამსაქმებლის ბრენდის შექმნა

ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საკუთარი თავის, როგორც კარგი დამსაქმებლის წარმოჩენასა და ამ მიმართულებით ბრენდინგში, სხვებთან შედარებით გაცილებით მარტივად ახერხებენ მაღალკვალიფიციური კანდიდატების მოზიდვას. ეს საკმაოდ მრავალმხრივი პროცესია, რომელსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება და გულისხმობს კომპანიის მხრიდან, როგორც დასაქმების კანდიდატებისთვის ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილების შექმნას, ასევე ორგანიზაციული კულტურის პოპულარიზაციას.

შექმენით თქვენსა და დასაქმების კანდიდატებს შორის ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილება.

5.ვაკანსიის გამოცხადებისას, ნუ ფოკუსირდებით მხოლოდ პოტენციური თანამშრომლის მოვალეობებსა და მისადმი მოთხოვნებზე, იქვე აღნიშნეთ ის სარგებელიც, რასაც კანდიდატი მიიღებს თქვენთან დასაქმების შემთხვევაში.

6.ვაკანსიის არსებობის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აუცილებლად დააფიქსირეთ ინფორმაცია ხელფასის და სამუშაო გრაფიკის შესახებ, რაც აპლიკანტებს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას, გამოგიგზავნოთ თუ არა საკუთარი რეზიუმე. 

7.აპლიკანტებთან იკონტაქტეთ ღიად და დაუზარლად

წინასწარ შეატყობინეთ ინტერვიუს სავარაუდო თარიღის შესახებ, მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის შეხვედრაა დაგეგმილი, გაუჩინეთ ის მოლოდინი რომ როგორც კი რაიმე სიახლე გექნებათ, მაშინვე შეატყობინებთ. პასუხი კი ყოველთვის გააგებინეთ, არ აქვს მნიშვნელობა  დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი.

იყავით ღია კითხვებისთვის და ყოველთვის უპასუხეთ მათ. არ გაექცეთ კრიტიკას, რომელსაც შესაძლოა შეხვდეთ სოციალურ ქსელებში, უპასუხეთ როგორც დადებით ისე უარყოფით კომენტარებს და შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი ორგანიზაციული კულტურა. მიეცით საკუთარ თანამშრომლებს საშუალება და მოტივაცია, ისაუბრონ თავიანთ სამსახურებრივ გამოცდილებასა და კარიერულ განვითარებაზე, რასაც თქვენს კომპანიასთან დააკავშირებენ. რაც მთავარია, იყავით რეალურად კარგი დამსაქმებლები, რაც აუცილებლად გამოჩნდება.

8. სამართლიანი და ეფექტური დასაქმების პროცესის შექმნა.

დასაქმების კანდიდატების ძიების პროცესში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი კომპანია აწყდება პრობლემებს. მდგომარეობას ხშირად კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რასაც დამსაქმებლებიც იზიარებენ. კანდიდატების თანასწორი შესაძლებლობების ობიექტური აღქმა, მიუხედავად მათი სქესისა, გარკვეული ტიპის ფიზიკური უნარშეზღუდულობისა, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, ხელს შეუწყობს სამართლიანი დასაქმების პროცესების წარმართვასა და ინკლუზიური სამუშაო ადგილების წარმოშობას. ეს ასევე გამოიწვევს ორგანიზაციებში თანამშრომელთა დეფიციტის ეფექტურ შევსებას და სამუშაო პროცესების  გაუმჯობესებას.

აქ წარმოდგენილი გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების განხილვის შემდეგ, ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით დასაქმების სფეროს განვითარების საჭიროებასა და ამ გზის სირთულეში. ქვეყნის კეთილდღეობის ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გაუმჯობესებაში კი ყველა დამსაქმებელს ჩვენი წილი მოვალეობა გვაკისრია, რასაც მხოლოდ ერთად, კოლექტიური ძალისხმევითა და მონდომებით გავართმევთ თავს.

Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას!