Skip to content

Რა ძირითადი უნარებია საჭირო კარიერული წარმატებისთვის?

დასაქმების სფეროში, ადამიანის ღირებულებას მისი უნარ-ჩვევები განსაზღვრავს. რაც მეტი უნარი გაგაჩნიათ, მით უფრო ფასეული ხართ როგორც თანამშრომელი, იზიდავთ მეტი დამსაქმებლის ყურადღებას და ხართ კონკურენტუნარიანი, როგორც სასურველი პოზიციის დაკავების, ასევე მეტის გამომუშავების თვალსაზრისით.

Რა ძირითადი უნარებია საჭირო კარიერული წარმატებისთვის?

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი პროფესიის დაუფლებისას, დროს და ენერგიას მხოლოდ იმ სპეციფიური ცოდნის შეძენაზე ხარჯავს, რაც ამ კონკრეტული პროფესიის შინაარსს წარმოადგენს. მათ მხედველობის მიღმა რჩებათ ისეთი ზოგადი უნარების მნიშვენლობა, რომელთა შეძენის შემთხვევაშიც, დამსაქმებელთა თვალშიც მეტად კომპეტენტურნი გამოჩნდებოდნენ და  თავადაც გაცილებით იმედიანად იგრძნობდნენ თავს.

ამ ბლოგში განვიხილავთ რანდენიმე ძირითად უნარს, რომლების ქონა-არქონაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამსახურის თითოეული მაძიებლის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში.

1.ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დასაქმების კანდიდატის კომუნიკაბელურობის შეფასება დამსაქმებლის მხრიდან, პირველივე შეხვედრისას ხდება. დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი გუნდის წევრები ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე საუბრობდნენ და ერთმანეთის ესმოდეთ, იცოდნენ თავიანთი და მათთან დაკავშირებული თანამშრომლების მოვალეობები და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გონივრული და არაკონფლიქტური კომუნიკაციის გზით ახერხებდნენ მის გადაჭრას. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიას ფლობთ ან რა ტიპის სამსახურში აპირებთ მუშაობას, სხვა ადამიანებთან მარტივად ურთიერთობის უნარი, ის მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელსაც ყველა დამსაქმებელი ეძებს პოტენციურ თანამშრომლებში. კომუნიკაბელურობა მხოლოდ დამსაქმებელზე პირველადი ან შემდგომი შთაბეჭდილებების მოსახდენად არ გჭირდებათ, მისი გამოყენების ეფექტური გზების ცოდნა ნიშნავს გარშემომყოფების ნდობას თქვენდამი, დიდი სანაცნობო წრის ყოლას და კარიერის ზედა საფეხურებზე შედარებით მარტივად გადასვლის შესაძლებლობას.

2.თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულად მაშინ ვგრძნობთ თავს, როდესაც ეჭვი არ გვეპარება იმაში რაზეც ვსაუბრობთ. დამსაქმებელთან პირველი გასაუბრებისას, არ არის მიზანშეწონილი რომ თავი კომპეტენტურად წარმოჩინოთ ისეთ საკითხებში, რაც რეალურად კარგად არ გესმით. სჯობს სწორედ აქ გამოიყენოთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ჩართოთ თავდაჯერებულობა და დიალოგს მიმართულება თქვენი ძლიერი მხარეებისკენ მისცეთ, ისაუბროთ იმ გამოცდილებებსა და მიღწევებზე, რაც თემატურად კავშირშია ამ სამუშაო პოზიციასთან და რომლებზე საუბრითაც დამსაქმებელს დააინტერესებთ თქვენი კანდიდატურით.

3. საკუთარი უნარების გაყიდვის უნარი

ვაკანსიის აღწერილობის გაცნობისას, აუცილებელია შეისწავლოთ ამ პოზიციაზე დასაქმებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები და კარგად გააანალიზოთ მათთან თქვენი უნარების შესაბამისობა. მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ ამ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებას, აუცილებელია შეადგინოთ ეფექტური რეზიუმე, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენთვის საინტერესო სამსახურის მოთხოვნებთან.

4.მოლაპარაკების უნარი

მას შემდეგ რაც თქვენი რეზიუმე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს დამსაქმებელზე და თქვენ მასთან შეხვედაზე აღმოჩნდებით, ისღა დაგრჩენიათ ერთად მოუხმოთ ეფექტური კომუნიკაციის, თავდაჯერებულობის და თავის წარმოჩენის უნარებს და მოლაპარაკების გზით, დამსაქმებელი თქვენთვის სასურველ დასკვნებამდე მიიყვანოთ. დამსაქმებელმა უნდა იგრძნოს რომ საქმე აქვს მოაზროვნე, საკუთარი საქმის მცოდნე, ინტერესიან ადამიანთან, რომელმაც იცის საკუთარი შრომის და დროის ფასი, რომ ის არის ამ თანამშრომლობით დაინტერესებული, თანასწორუფლებიანი მხარე და ანგარიშგასაწევია მისი სურვილები ხელფასთან, სამუშაო გრაფიკთან და სხვა პირობებთან დაკავშირებით.

5.კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნება, ეს არის პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი ან თქვენი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზები. ამისთვის უნდა შეგეძლოთ ობიექტურად შეაფასოთ და გაანალიზოთ პროცესები, რის შედეგადაც გარეშე პირის ჩაურევლად, თავადაც შეძლებთ პრობლემის იდენტიფიცირებას და მოგვარებას.

6.ორგანიზებულობა

ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა, დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თქვენზე დაკისრებულ პახუხისმგებლობებს. იყო ორგანიზებული, ნიშნავს იყო პუნქტუალური, შეგეძლოს შესასრულებელი დავალებების პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრა, დროის მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემის დროული დაფიქსირება. მაგალითად, თუკი ხვდებით რომ თქვენთვის ჩაბარებული პროექტისთვის განსაზღვრული ვადა არასაკმარისია და ამის არგუმენტებიც გაქვთ, სჯობს ამის თაობაზე თავიდანვე დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რათა ხელმძვანელს არ შეუქმნათ არასწორი მოლოდინი და არც თქვენ აიტკიოთ თავი შეუსრულებელი მისიის გამო. მოკლედ, ეს ის თვისებაა, რომელიც ამყარებს გარშემომყოფების ნდობას და სტაბილურობის შეგრძნებას თქვენ მიმართ და თქვენც დიდწილად გიცავთ უსიამოვნებებისგან.

7.გუნდურობა

იმის მიხედვით, თუ რა პოზიციაზე მუშაობთ, შეიძლება სამუშაო პროცესი გაიზიაროთ 1-2 ადამიანთან ან მოზრდილ გუნდთან. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გესმოდეთ რომ კომპანიის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც გარკვეულწილად, თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი განსაზღვრავს. კარიერული წარმატებისა და ზედა რგოლის პოზიციებზე გადანაცვლებისთვის საჭირო საკვანძო უნარი კი სწორედ იმის ცოდნაა, თუ როგორ შეასრულო საერთო საქმის შენი ნაწილი ეფექტურად, დაქვემდებარებული პირების ყოლის შემთხვევაში კი როგორ მოახდინო მოვალეობების სწორი დელეგირება.

8.კვლევის და ანალიზის უნარი

ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას, აუცილებელია შეგეძლოთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება. მარკეტოლოგებისთვის ეს შეიძლება მათ მიერ დაგეგმილი და გაშვებული კამპანიების შედეგების გაანალიზებას ეხებოდეს, ინჟინრებისთვის ეს ალბათ ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მოკვლევის და გატესტვის პროცესი იქნება, მძღოლმა კი შესაძლოა უფრო მოკლე და ნაკლებად გადატვირთული მარშრუტების შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია, სცადოს, ერთმანეთს შეადაროს და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, რომელი იქნება უფრო ეკონომიური მარშრუტი დროის თუ საწვავის დაზოგვის თვალსაზრისით.

მოკლედ, მთავარია სწორად განსაზღროთ კვლევის საგანი, რომლის ანალიზიც მოგცემთ შესაძლებლობას გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო პროცესი და მიიღოთ სასურველი შედეგები, რაც  თავის მხრივ დადებითად აისახება თქვენი კარიერული მიზნების მიღწევაზეც.

9.უცხო ენების ცოდნა

ისწავლეთ მინიმუმ ერთი საერთაშორისო ენა. ბანალური რჩევაა არა? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობს, ქართულენოვანი საზოგადოება კი რაოდენობრივად, მსოფლიოს მოსახლეობის უმცირესი ნაწილია. რატომ უნდა შემოსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაციის არეალი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, როცა შეგიძლიათ თქვენი ცოდნა და უნარები მსოფლიო ბაზარზე გაცილებით უკეთეს ფასად გაყიდოთ.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული პროფესიების  წყალობით, უმაღლესი განათლების გარეშეც კი შეგიძლიათ საკუთარი სახლიდან სხვა კონტინენტზე იმუშაოთ და გამოიმუშაოთ, იმაზე მინიმუმ 10-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანები ყოველდღიურად, სრულ განაკვეთზე ფიზიკური შრომით გამოიმუშავებენ. თუ შეაფერხებთ საკუთარ პროფესიულ განვითარებას ენობრივი ბარიერების გამო, დღესვე დაიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება.

10.ციფრული წიგნირება

თანამედროვე სამყაროში, თითქმის წარმოუდგენელია ვინმეს სამომხმარებლო დონეზე მაინც არ ჰქონდეს შეხება კომპიუტერთან. არც სავალდებულოა და არც იმდენად საინტერესო, რომ ყველამ კომპიუტერულ ინჟინერიას და პროგრამირებას მიჰყოს ხელი, მაგრამ კომპიუტერის მოხმარების გამოცდილება სოციალური ქსელების გამოყენებას და ფილმებით სიამოვნების მიღებას უნდა სცდებოდეს. გაერკვიეთ საოფისე პროგრამებში, ისე რომ შეგეძლოთ მარტივი ტექსტების, ცხრილების და პრეზენტაციების შედგენა, აკადემიური ფორმატით და გარკვეული ტიპის სტრუქტურით, ისწავლეთ საქმიანი მეილის ტექსტის წერა, გაერკვიეთ ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიების და მათი სისწორის გადამოწმების საშუალებებში, მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო სამუშაო სფეროსთან დაკავშირებული ინტერნეტ-წყაროები და აიმაღლეთ ცნობიერება. ამ ყველაფერში საკუთარი ძალებით გასარკვევად კი ისევდაისევ ციფრული სამყარო დაიხმარეთ, მოიძიეთ ონლაინ კურსები, გამოიწერეთ საინტერესო არხები, მოუსმინეთ პოდკასტებს და დარწმუნდებით რომ ყოველდღიურად მიღებული ახალ-ახალი ინფორმაცია, თქვენი თავდაჯერებულობის მიზეზი ბევრჯერ გახდება.

აქვე გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო ბმულს, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ თქვენი ციფრული თვალსაწიერის გაფართოებაში:

https://www.youtube.com/watch?v=TpOIGij43AA&ab_channel=SimonSezIT

https://www.youtube.com/watch?v=fx_dX2fR6yM&list=PLoyECfvEFOjYcplyMsPwoJ-744PpMfBP1&index=2&ab_channel=LearnitTraining

https://www.youtube.com/watch?v=Sw61Uu8ftII&ab_channel=EnglishtoExcel

Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას!