Skip to content

როგორ შევადგინოთ ეფექტური რეზიუმე

იმისთვის რომ თქვენმა რეზიუმემ დამსაქმებლის ყურადღება მიიქციოს, მას უნდა შეხედოთ, როგორც თქვენს ხელთ არსებული უმნიშვნელოვანესი პროდუქტის, თქვენი თავის გაყიდვის საშუალებას. მისი გამოყენებით უნდა შეძლოთ შესაბამისი ფორმით შეფუთოთ და წარმოაჩინოთ თქვენი უნარები, ცოდნა და მიღებული გამოცდილება გარკვეულ სფეროში. 

როგორ შევქმნათ CV?

ამ ბლოგში, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ გამართული და შთამბეჭდავი რეზიუმეს შედგენაში:

1. რეზიუმეს შედგენისას, პირველ რიგში განსაზღვრეთ მისი ფორმატი: ფუნქციონალური იქნება ის, ქრონოლოგიური თუ კომბინირებული. პირველი სამსახურის დაწყების ან ახალ სფეროში თავის დამკვიდრების სურვილის შემთხვევაში, სჯობს ფუნქციონალური რეზიუმე შეადგინოთ და ხაზი თქვენს უნარებს და მიღებულ განათლებას გაუსვათ. თუ უკვე მდიდარი სამუშაო გამოცდილება გაქვთ, სჯობს ქრონოლოგიურად დაალაგოთ და ისე წარმოაჩინოთ თქვენი კარიერის ისტორია, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული გამოცდილებაც გაქვთ და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გამყარებული უნარებიც, მაშინ უპირატესობა კომბინირებული ტიპის რეზიუმეს უნდა მიანიჭოთ.

2. დაიწყეთ რეზიუმეს წერა თქვენი სახელით და საკონტაქტო ინფორმაციით, რასაც დოკუმენტის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, პირველი გვერდის დასაწყისშივე დააფიქსირებთ. აქვე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი პორტფოლიოს ლინკიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. არ არის აუცილებელი რეზიუმეს თანდართული ჰქონდეს ფოტოსურათი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოთხოვნა ვაკანსიის აღწერაშია გათვალისწინებული, შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფოტო, სადაც აკადემიურად გამოიყურებით და გადაღებულია სამუშაო ან მასთან მიმსგავსებულ გარემოში.

4. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე დაწერილი უნდა იყოს სტანდარტული, მარტივად წაკითხვადი ფონტით, საიდანაც მუქი და მოზრდილი ზომის ასოებით გამოყოფთ თქვენს სახელს და გვარს. 

5. მას შემდეგ, რაც თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას და პორტფოლიოს წარმოაჩენთ, კარგი იქნება დაწეროთ მოკლე, რამდენიმე წინადადებიანი ინფორმაცია თქვენი პროფესიული გამოცდილების, ინტერესების ან ჰობის შესახებ, იმის მიხედვით თუ რა ეტაპზე ხართ თქვენს კარიერაში ან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული ტექსტის შინაარსს იმ ვაკანტურ ადგილთან, რომელზეც ამ რეზიუმეს აგზავნით.

6. გააკეთეთ სამსახურებრივი გამოცდილებების ჩამონათვალი  ქრონოლოგიურად, ახლიდან ძველისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სამსახური განსხვავებულია, შეეცადეთ თქვენი რეზიუმე შეესაბამებოდეს იმ პოზიციას, რომელზეც აგზავნით მას. ამიტომ ნუ ჩამოთვლით იმ სამუშაო გამოცდილებებს და გავლილ ტრენინგ-სემინარებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ სფეროსთან, რომელშიც ახლა ცდილობთ თავის დამკვიდრებას. აქცენტი გააკეთეთ თქვენი გამოცდილების იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაც თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს აფიქრებინებს იმას რომ თქვენ შესაბამისი კანდიდატი ხართ მოცემული პოზიციისთვის. 

7. იმისთვის რომ თქვენი რეზიუმე უბრალოდ კარგი კი არა, შესანიშნავი გახდეს, გამოიყენეთ ციფრები თქვენი მიღწევების გამოსახატად. მაგალითად, თუკი თქვენ გაქვთ 10 წევრიანი გუნდის მართვის გამოცდილება, დააკონკრეტეთ ციფრი და ნუ იტყვით რომ უბრალოდ გუნდის მართვის გამოცდილება გაქვთ. თუ წინა სამსახურში, თქვენი დამსახურებით 25%-ით გაიზარდა გაყიდვები, აუცილებლად აღნიშნეთ თქვენი ეს წარმატება რეზიუმეშიც და აქაც არ გამოგრჩეთ ციფრებზე აქცენტის გაკეთება.

8. კარგად შეისწავლეთ იმ ვაკანსიის აღწერა, რომელზეც აპირებთ რეზიუმეს გაგზავნას, კარგად გააანალიზეთ მათი მოთხოვნები და ამის მიხედვით შეარჩიეთ ის საკვანძო სიტყვები, რომლებითაც დაახასიათებთ თქვენს უნარებს.

9. ფაილი შეინახეთ PDF ფორმატში, რაც აკადემიურ და ტექნიკურად დახვეწილ სახეს შესძენს მას.

10. რეზიუმეს გაგზავნამდე, არ დაგავიწყდეთ მისი ყურადღებით გადახედვა. ნუ გამოგეპარებათ ტიპოგრაფიული შეცდომები და სტრუქტურული დარღვევები.

ეცადეთ დოკუმენტი, რომელიც თქვენს შესაძლებლობებზე მეტყველებს, გამოიყურებოდეს შთამბეჭდავად და მოწესრიგებულად. გახსოვდეთ, რომ დამსაქმებელი რომელიც სამუშაო პროცესში უამრავ რეზიუმეს ეცნობა, გადარჩევისთვის 2-3 წუთზე მეტს არ უთმობს თითოეულ მათგანს. სწორედ ამიტომ, თქვენმა რეზიუმემ თავიდანვე უნდა მოახდინოს ის შთაბეჭდილება, რომ მას გაუჩნდეს მისი უფრო სიღრმისეულად გაანალიზების და თქვენთან დაკავშირების სურვილი. 

Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას!