Skip to content

დასაქმების სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები

დასაქმების პროცესი მუდმივად იცვლება. კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილებისთვის შესაბამისი კადრების მოძიება, დამსაქმებლებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი საქმიანობაა, რასაც გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო ართულებს მსოფლიო დასაქმების ბაზარზე არსებული ტენდენციები.

განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთაც ითვალისწინებენ და პრაქტიკულ გამოყენებაში ნერგავენ წარმატებული კომპანიების რეკრუტერები და HR-ის მენეჯერები.

1.დისტანციური შერჩევის პროცესი

მას შემდეგ რაც პანდემიის არსებობამ, საზოგადოების დღის წესრიგში დისტანციური კომუნიკაცია შემოიტანა და მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელიც აღმოჩნდა, კომპანიებმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა აქტიურად გააგრძელეს. 

დასაქმების კანდიდატების შერჩევის ტრადიციული, პირისპირ შეხვედრის მეთოდი წარმატებით ჩაანაცვლა ონლაინ პლატფორმების საშუალებით გასაუბრების და ვიდეო CV-ის შექმნის მეთოდმა.  გაცნობის ეს მეთოდი საკმაოდ  მოსახერხებელია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვის. ერთი მხრივ, ონლაინ შეხვედრა ზოგავს დასაქმების კანდიდატების დროს და ენერგიას, რადგან მათ აღარ უწევთ კომპანიის ოფისში მისვლა, მეორე მხრივ კი ვიდეო CV გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს დამსაქმებლებს, დაურეკონ და შეუთანხმონ თუ არა შეხვედრა კონკრეტულ ადამიანს.

2.დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი

ისევდაისევ  პანდემიის შედეგია ისიც რომ ბოლო წლებში, დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა საოფისე სამუშაო გრაფიკიდან, დისტანციურ ან ჰიბრიდულ გრაფიკზე გადაინაცვლა. ეს განსაკუთრებით ციფრულ პროფესიებს შეეხო. მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც მიხვდნენ, რომ კომპანიებისთვის არ არსებობს საჭიროება, რომ სოციალური მედიის მენეჯერი, სარეკლამო მენეჯერი, ქოფირაითერი,  ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ან დეველოპერი, ყოველდღიურად სრული სამუშაო გრაფიკით დადიოდეს ოფისში. ნებისმიერი პროფესია, რომლის საოპერაციო ნაწილიც კომპიუტერის საშუალებით სრულდება, დასაქმებულებს აძლევს მისი გაკეთების შესაძლებლობას იქიდან, სადაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნება ეს სახლი, კაფე, საერთო სამუშაო სივრცე, პარკი თუ ზღვის სანაპირო. 

მას შემდეგ რაც დამსაქმებლების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა რომ დასაქმებულთათვის კომფორტული გარემოს შექმნა, მათ პროდუქტიულობაზე დადებითად აისახებოდა, მათ დაიწყეს ამ ტიპის სამუშაო გრაფიკის შეთავაზება დასაქმებულთათვის და შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება დისტანციურ და ჰიბრიდულ გრაფიკზე მომუშავე ადამიანთა რიცხვიც.

3.საკუთარი თავის წარმოჩენის გადაჭარბებული მცდელობა

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით დადასტურდა, რომ დისტანციურ სამსახურებში დასაქმებული ადამიანები მუდმივად ცდილობენ ხელმძღვანელებს დაუმტკიცონ, რომ ისინი მუდამ ხაზზე არიან და მუდამ შესაძლებელია მათთან დაკავშირება. ამაზე ზრუნვითა და თავიანთ შრომისმოყვარეობაზე მუდმივი ხაზგასმით, ისინი ცდილობენ სამსახურების შენარჩუნებას, შედეგად კი ირღვევა ბალანსი მათ პირად და სამსახურებრივ ცხოვრებას შორის, რაც ხშირად ამ ადამიანებში  გონებრივ გადაწვას და დეპრესიას იწვევს.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დამსაქმებლებს უწევთ დანერგონ და გამოიყენონ შესაბამისი სისტემები, რომელთა საშუალებითაც აკონტროლებენ თითოეული თანამშრომლისთვის მიცემული დავალებების სირთულეს, რაოდენობას და იმას თუ რამდენად ეფექტურად უმკლავდება პასუხისმგებელი პირი მას.

4.გუნდის კარგად ყოფნა და მენტალური ჯანმრთელობა

დასაქმების სფეროში არსებული ერთ-ერთი უახლესი ტრენდი, კომპანიების მხრიდან დასაქმებული პირების ფიზიკური და მენტალური  ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანაა. მისთვის, ვისაც ამბიცია აქვს ბაზარზე პოზიციონირებდეს, როგორც სხვებისგან გამორჩეული დამსაქმებელი, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. ასეთი დამსაქმებლები თავიანთი გუნდის წევრებს სთავაზობენ ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პირობებს და ყოველთვიურ აბონიმენტს სპორტული აქტივობებისთვის, ასევე წელიწადში რამდეჯერმე აწყობენ გუნდის შეკრებას არასამუშაო გარემოში განტვირთვის და მეგობრული კავშირების გამყარების მიზნით.

5.საჭირო სამუშაო ძალის ზუსტი შეფასება და ანალიზი

არასტაბილური ეკონომიკური პირობების და გაძვირებული ბიზნეს პროცესების გამო, რეკრუტერებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ზუსტად ჰქონდეთ შეფასებული თითოეული თანამშრომლის ღირებულება კომპანიისთვის. დამსაქმებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და რელევანტური სამუშაო ძალის განსაზღვრისათვის.

6.მოქნილი გრაფიკი

ტრადიციული, სრულგანაკვეთიანი გრაფიკით მუშაობის პირობებში, Მაშინ როდესაც დამსაქმებლები განსაკუთრებული კადრების აყვანას ცდილობდნენ, ისინი ხშირად მიდიოდნენ იმ დათმობაზე, რომ კონკრეტულ თანამშრომელს მისთვის სასურველი გრაფიკით ემუშავა. ახლა, როდესაც მსოფლიო დასაქმების ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, ხშირია დისტანციური და ჰიბრიდული გრაფიკით თანამშრომლობები და ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში არიან დასაქმებულნი, მოქნილ სამუშაო გრაფიკზე შეთანხმება უცხო აღარაა არცერთი მხარისთვის. თუკი ეს არ ეხება მომსახურების ან გაყიდვის საცალო მიმართულებას, როდესაც კლიენტი მომენტალურად ელოდება პროდუქტის მიღებას, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს დღის რა მონაკვეთში იმუშავებს დავალებაზე პასუხისმგებელი ადამიანი, მთავარი ხომ წინასწარ განსაზღვრულ ვადამდე მისი ხარისხიანად შესრულებაა.

7.სახელფასო მოქნილობა

მალე შესაძლოა ნორმად იქცეს ხელფასის მოთხოვნით გადახდა, რაც გულისხმობს დასაქმებულის მხრიდან არჩეული გრაფიკით ანაზღაურებას - ეს შეიძლება იყოს ხელფასის ყოველკვირეული გადახდაც კი, იმის მიხედვით თუ როგორი იქნება თანამშრომლობის შეთანხმება.

8.ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა

ბოლო წლების განმავლობაში, პროგრამულმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა გარდამტეხი გავლენა მოახდინა დასაქმების სფეროზე. გაციფრულდა როგორც დამსაქმებელთა და სამსახურის მაძიებელთა ერთმანეთთან დაკავშირების გზები, ასევე უკვე არსებული თანამშრომლების აღრიცხვის, მათ შესახებ კომპანიაში არსებული ინფორმაციის, მათზე დელეგირებული მოვალეობების, სამუშაო საათების, ანაზღაურების, შვებულებების თუ მივლინებების მონაცემები. ის რაც მსოფლიო ბაზარზე მოთამაშე კომპანიებისთვის უკვე ყოველდღიურობაა, ნელნელა მკვიდრდება საქართველოშიც და მომავალი წელიც სავარაუდოდ, ციფრული ტრანსფორმაციის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდად იქცევა.

9.დასაქმების მარკეტინგი

დასაქმების კიდევ ერთი თანამედროვე ტენდენციაა მარკეტინგული კამპანიების გამოყენება. დამსაქმებლები აქტიურად იყენებენ ციფრულ მარკეტინგს და რეკლამას სოციალურ ქსელებში, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თავიანთი კომპანია, როგორც თანამშრომლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული დამსაქმებელი, ხაზს უსვამენ იმ სარგებელს, კომფორტსა და შესაძლებლობებს, რასაც ადამიანები მიიღებენ მათთან დასაქმების შემთხვევაში.

10.დამსაქმებლის ბრენდინგი

2024 წელს, დამსაქმებლის ბრენდინგი იქნება დასაქმების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელსაც ყველა კომპანიამ უნდა მიაქციოს ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ვაკანტურ ადგილზე განცხადების გაკეთებამდე, სამსახურის მაძიებლების უმრავლესობა იკვლევს ორგანიზაციის რეპუტაციას, დამსაქმებლებმა უნდა იზრუნონ თავიანთი იმიჯის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი თანამშრომლების უმრავლესობას სურს ასოცირდებოდეს პოზიტიური სახელის მატარებელ ბრენდთან.

ეს არის ის მიმდინარე ტენდენციები რაც აქტუალურია დღევანდელი მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე და ვფიქრობთ თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა მოწოდებული ინფორმაცია.

Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას!