Skip to content

რჩევები, რომლებიც დაგეხმარება დროის უკეთეს მენეჯმენტში!

დროის მენეჯმენტი არის კონკრეტულ აქტივობებზე დახარჯული დროის ორგანიზებისა და კონტროლის მიზანმიმართული პროცესი, პროდუქტიულობის გაზრდისა და სასურველი შედეგების მისაღწევად. ეს უნარი გადამწყვეტია წარმატებისათვის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში; ალბათ, ხვდებით ადამიანებს სკოლაში, სამსახურსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც იდეალურად ახერხებენ ყველა ხელთარსებული საქმის მოგვარებას. ეს სწორედ დროის მენეჯმენტის უნარის შედეგია. იგი არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობასა და შესრულებული საქმის ეფექტურობას, არამედ ამცირებს სტრესს და გვეხმარება ბალანსის მიღწევაში.

Slide 16_9 - 41

დროის წარმატებითი მართვის უნარის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი მისი დასწავლადობაა, მთავარია იმ მეთოდის ან მეთოდების მიგნება, რომლებიც ეფექტურია კონკრეტული ინდივიდისათვის. ქვემოთ მოცემულია რჩევების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც, ხშირად, ამ უნარის ჩამოყალიბების პროცესში, საკმაოდ ეფექტურია:

  1. დროის ეფექტური მართვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გეგმის წინასწარ შემუშავებაა. თქვენი ამოცანების, მიზნებისა და პრიორიტეტების წინასწარ განსაზღვრისთვის დროის გამოყოფა დაგეხმარებათ მათ უკეთესად წარმართვასა და განხორციელებაში. დაყავით უფრო დიდი მიზნები პატარა, მართვად ამოცანებად და გამოყავით საჭირო დროის ინტერვალი თითოეული აქტივობისთვის. წინასწარ შემუშავებული გეგმის მეშვეობით, თქვენ ყოველთვის მზად იქნებით ამოცანების ეფექტური გადაჭრისა და თქვენი დროის რესუსრის მაქსიმალური გამოყენებისათვის.
  2. დღის მანძილზე მოსაგვარებელი საკითხების ჩამონათვალი, შესაძლოა, თქვენ მიერ განსაზღვრულ დროზე მეტს მოითხოვდეს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დალაგება. ამ შემთხვევაში, აქტუალური ხელსაწყოა ეიზენჰაუერის მატრიცა - ეიზენჰაუერის მატრიცა გვეხმარება გადავანაწილოთ ამოცანები სამ კატეგორიაში: 1. გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას. 2. მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადაუდებელი ამოცანები, რომლებიც რომლებიც მოითხოვენ პროაქტიულ დაგეგმვას და ბოლოს 3. უმნიშვნელო ამოცანები, რომლებიც შესაძლოა პირველ ეტაპზე დღის წესრიგიდან ამოიშალოს. ეიზენჰაუერის მატრიცის გამოყენებით, უფრო მარტივია დროის შეზღუდული რესურსის ოპტიმიზირება და აღქმა იმისა, თუ რომელი ამოცანა მოითხოვს არსებულ სიტუაციაში მეტ ყურადღების.
  3. როის ერთ მონაკვეთში ერთ საკითხზე ფოკუსირება - ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარი საკმაოდ მოთხოვნადია შრომით ბაზარზე. რისი მიზეზიც მის სირთულეში მდგომარეობს - ადამიანების უმრავლესობა ბევრ შეცდომას უშვებს, შესაბამისად, რეალურად, უფრო მეტი დროს ხარჯავს, ვიდრე ზოგავს. ამიტომ, თუ შესაძლებლობა არსებობს, უმჯობესია, საკითხებზე ინდივიდუალური ფოკუსირება, რაც ნაკლებად დამაბნეველი და სტრესულია. შესაბამისად, შესრულებული საქმის ხარისხიც უფრო მაღალია.
  4. საქმის დანაწევრება და დროის მოკლე პერიოდებზე გადანაწილება - დღის მანძილზე დასახული მიზნების შეუსრულებლობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფოკუსის დაკარგვაა. ერთ საკითხზე გადაბმულად რამდენიმე საათი მუშაობა გონების გადაღლასა და პროდუქტიულობის დონის შემცირებას იწვევს.   ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზაა ინტერვალებით მუშაობა - მაგალითისთვის, 20 წუთი საქმე და 5 წუთი შესვენება. ეს მეთოდი გონებას განტვირთვისა და ძალების ხელახლა მოკრების საშუალებას აძლევს.
  5. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უმნიშვნელო საკითხები ყურადღების გაფანტვას არ გამოიწვევს - ხმაური, შეტყობინებები, არაკომფორტული სკამი…ეს იმ მცირე ფაქტორების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია იმაზე, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება დღე. რთულია ფოკუსირდე საქმეზე, როდესაც გარემო პირობები დისკომფორტს გიქმნის, ან ყურადღებას წამდაუწუმ მოსული შეტყობინებები გირღვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ მსგავსი დაბრკოლებები. სამუშაო სივრცის შეცვლასა და შეტყობინებების გამორთვასთან ერთად, შესაძლოა ეფექტური “ხელსაწყო” იყოს ე.წ. “თეთრი ხმა” (white noise), რომელიც რეალობაში მიმდინარე ხმაურს სტაბილური, მშვიდი ხმებით ანაცვლებს, როგორიცაა წვიმა, ან ტალღები, და შედეგად, გონებას ფოკუსის მოკრება-შენარჩუნებაში ეხმარება.